Free Words

God Sleeps In Rwanda

Posted by Gvantsa on 16/08/2009

(ამ წელს ვსწავლობდი საგანს “კონფლიქტების გაშუქება მედიაში”. ერთერთი დავალება იყო, მსოფლიოში მომხდარ/მიმდინარე კონფლიქტებზე უნდა გვესაუბრა – გამომწვევი მიზეზები, მედიის როლი, დღევანდელი მდგომარეობა და ა.შ. მე რუანდის 1994 წელს მომხდარ გენოციდზე მომიწია პრეზენტაციის გაკეთება. (ქვემოთ წარმოდგენილი არც სტატიაა და არც ფოტოკოლაჟი :) მხოლოდდამხოლოდ პრეზენტაცია)

დედაქალაქი – კიგალი (656.000)
ფართობი – 26.338 კვადრატული კილომეტრი
ენა – ინგლისური, ფრანგული, Kinyarwanda, Kiswahili.
რელიგია – კათოლიკები, პროტესტანტები, ადვენტისტები, მუსლიმები
ვალუტა – რუანდული ფრანკი
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 40-45 წელი
მოსახლეობა – 8.722.000

რუანდა ცენტრალური აფრიკის ერთერთი ქვეყანაა, რომელსაც ტროპიკულ შვეიცარიას უწოდებენ. იგი მდებარეობს ტბა ვიქტორიასთან, ესაზღვრება უგანდა, ტანზანია, ბურუნდი და კონგო.

ერთა ლიგის გადაწყვეტილებით, 1919 – 1962 წლებში რუანდა ბელგიის კოლონია იყო, თუმცა ბელგიელების მოსვლამდე დიდი ხნით ადრე აქ ცხოვრობდნენ ტუტსისა და ჰუტუს ტომები. 600 წლის განმავლობაში მათ საერთო ენა, კულტურა და ისტორია ჰქონდათ. მეცხოველეობას მისდევდა ორივე ეთნიკური ჯგუფი. იყო უამრავი შერეული ქორწინება. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ასეთი წყობა – ტუტსები იყვნენ მიწის მფლობელები, ჰუტუები კი მუშები ამ მიწაზე. ჰუტუები რიცხობრივად აღემატებოდნენ ტუტსებს.

ევროპელი მისიონერებმა ჩამოსვლისთანავე ევროპული “ცხოვრების წესები” დაამკვიდრეს – კოლონიური  მმართველობისთვის დამახასიათებელი იყო  პრივილეგირებული კლასის შექმნა/გამოყოფა, რომელიც იქნებოდა განათლებული შუამავალი მმართველებსა და მართულებს შორის. ბელგიელებმა აირჩიეს ტუტსები. ევროპული თვალისთვის უფრო მეტად არისტოკრატები – მაღლები, მიწის მფლობელები. ზოგიერთმა ტუტსიმ მოქცევა დაიწყო მაღალი წრის წარმომადგენელივით, ჰუტუები კი გლეხებს დაემსგავსნენ.

ბელგიისგან დამოუკიდებლობა რუანდამ 1962 წელს მოიპოვა. დამოუკიდებლობის შემდეგ შეიცვალა ტომთა როლები – ეთნიკურად ჰუტუელების ხელში აღმოჩნდა ძალაუფლება, მათ დაიწყეს ტუტსების დისკრიმინაცია. 1973 წლიდან ტუტსებს აღარ ჰქონდათ სკოლებსა და უნივერსიტეტში სწავლის უფლება.

მსგავსი რეპრესიების შედეგად 200,000 ტუტსი გაიქცა მეზობელ ქვეყნებში, სადაც ჩამოაყალიბეს მეამბოხე, პარტიზანული არმია რუანდის პატრიოტული ფრონტი (Rwanda Patriotic Front – RPF).

Read the rest of this entry »

Posted in Human Rights | Tagged: , , , , | 3 Comments »

დიმიტრი ლორთქიფანიძე Vs ლიბერალური დემოკრატია

Posted by Gvantsa on 31/07/2009

საქართველოს კონსტიტუცია

მეორე თავი

მუხლი 14

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში ჩაიწერა, რომ ქვეყნის ერთერთი პრიორიტეტია დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება და განვითარება.

დემოკრატიული საზოგადოება კი გულისხმობს (სამწუხაროა, ამის განმარტება რომ მიწევს, მაგრამ ეს – დიმიტრი ლორთქიფანიძის პარტიის სახელწოდებისთვის) უპირველეს ყოვლისა თავისუფალ ადამიანს, არჩევანში თავისუფალ ადამიანს, ადამიანს, რომელსაც უფლება აქვს ისწრაფვოდეს ბედნირებისკენ, ბედნიერების გაგება კი სუბიექტურია. შესაბამისად, არავის – არცერთ რელიგიურ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ სხვა ჯგუფს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს ერთი ადამიანის პირად ცხოვრებაში.

მსოფლიოს განვითარებულმა ნაწილმა დიდი ხანია უარი თქვა ინკვიზიციაზე, ირანული ტიპის დახურულ საზოგადოებაზე (სადაც, თუ არ ვცდები, მამათმავლებს ჩაქოლვით სჯიან ხოლმე), ფაშისტურ პრინციპებზე, კომუნისტური ცხოვრების წესზე და აირჩია ამ ყველაფრის სანაცვლოდ თავისუფლება.

ყოველივე ზემოთ თქმულის შესახებ არაფერი სმენია დიმიტრი ლორთქიფანიძეს.

ან სმენია, მაგრამ ვერ გაუგია.

მან განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომაც ქვეყანა სჯულის კანონების მიხედვით უნდა წარმართავდეს სამართალს. ამის საპირისპიროდ მხოლოდ ერთი მაგალითი კმარა – 1996 წელს გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აშშ-ს მოსახლეობის 90% ქრისტიანია.

მსგავსი მაგალითების მოყვანას აზრი არ აქვს (მგლის თავზე სახარების კითხვას რომ არ დაემსგავსოს). ამიტომაც მოკლედ დასკვნის სახით – თუ ვისწრაფვით დასავლეთისკენ –  ევროპისკენ, აშშ-სკენ, ეს ქვეყნები მხოლოდ იმიტომ ხომ არაა სასურველი და სანატრელი, რომ სუფთა სადარბაზოები გვექნება, ნაგავი არ ეყრება ქუჩებში, სახლის ეზოებში გაკრეჭილი გაზონი გვექნება და აუზები, დილით ბლენდერით მომზადებულ კოქტეილებს დავლევთ, დილის გაზეთს წავიკითხავთ და ქიმწმენდიდან ახლად გამოტანილი პიჯაკებით წავალთ სამსახურში. მთავარი არის თავისუფლება, რომლითაც ფასეულია, შესაშური და სახარბიელო დასავლური სამყარო!

მაგრამ კომიკური ამ სიტუაციაში ერთი რამაა – ერთ დიმიტრი ლორთქიფანიძეს უფლება აქვს იფიქროს, რაც უნდა. სწორედ ამას გულისხმობს თავისუფალი საზოგადოება. მაგრამ… დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველის თანამდებობაზე იყრის კენჭს! უმორჩილესად ვთხოვ, დიმიტრი ლორთქიფანიძეს გაეცნოს ამ ბმულზე საქართველოს ორგანულ კანონს სახალხო დამცველის შესახებ!

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=41

გულზეხელდაკრეფილობას და იმის ლოდინს, როდის მოვა ცივილიზაცია ჩვენამდე, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 76% (76%, რომელმაც ხმა მისცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რაც ავტომატურად გულისხმობს დემოკრატიულ საზოგადოებას, ადამიანის უფლებების დაცვას განურჩევლად რასისა, კანის ფერისა და ა.შ. ) ირჩევს თავისუფლებას დისკრიმინაციის ნაცვლად, ბედნიერებას კვაზი ტრადიციულობისა და ფარისევლობის ნაცვლად. ქვეყანაში, სადაც ლიბერალური ტრადიციების დამკვიდრება პრიორიტეტად დაუსახავს საზოგადოების დიდ უმრავლესობას, არ არის ადგილი ვანდალებისთვის და ფაშისტებისთვის.

ადამიანისთვის უმთავრესი ადამიანია, მისი ქცევა და განწყობა სხვათა მიმართ. პატივსაცემია ადამიანის ნებისმიერი არჩევანი.

დანარჩენი კი…

ნაკლებ საინტერესოა ადამიანს ვისთან ერთად სძინავს ღამით და ვისთან ერთად ატარებს დასვენების დღეებს. ადამინის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია!

თუმცა, როგორც ჩანს, ზოგი მაინც აძლევს გასაქანს საკუთარ ფანტაზიას :D

აქ კი შეგიძლიათ მოუსმინოთ თავად დიმიტრი ლორთქიფანიძის კომენტარს, რის გამოც აღშფოთდა/შეშფოთდა ზემოთ ხელის მომწერი :D

Posted in Human Rights | Tagged: , , , | 12 Comments »

წეროვანი 06.06.09

Posted by Gvantsa on 07/06/2009

როგორ ცხოვრობენ დევნილები წეროვანში…

სამსახური რადგან ბევრს არა აქვს, ძირითადად მიწას ამუშავებენ ხოლმე. ერთერთმა მაცხოვრებელმა ისიც კი თქვა, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ბარავენ ბოსტანსო.

Read the rest of this entry »

Posted in Articles | Tagged: , | 15 Comments »

მოლა ვაგიფ

Posted by Gvantsa on 04/06/2009

დღევანდელ საზოგადოებაში რელიგია ყველაზე მტკივნეული თემაა. “რელიგიური უმცირესობები”, “განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლები”… ხშირად საუბრობენ ამ ტერმინებით მათ შესახებ. თუმცა იშვიათად თუ წამიკითხავს ან მინახავს უშუალოდ მათ მიერ მოყოლილი, დაწერილი…

ამ რადიოსიუჟეტში საუბრობს მოლა ვაგიფი თბილისის ჯუმა მეჩეთის მოლა. საინტერესოდ ჰყვება სხვადასხვა საკითხზე.

მოლას საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე, მაგრამ ყველაფრის ჩატევა რადგან არ შემეძლო სიუჟეტში, ცოტა რამეს დავწერ კიდეც :)

  • მოლამ ისაუბრა სახელმწიფოს დახმარებაზე, უფრო სწორად – არდახმარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთი სახელმწიფოს საკუთრებაა, თავად უწევთ სასულიერო პირებს თანხების მოზიდვა. შეაკეთეს სახურავის მხოლოდ ზემო ნაწილი, რომელიც 40.000$ დაჯდა.
  • მეჩეთში არის კონდიციონერები და გამათბობელი. ესეც სხვათა დახმარების წყალობით. ბეკოს ერთი კონდინციონერი, რომელიც  მეჩეთში დგას, 12.000$ ღირს.
  • ხალიჩები და ჭაღები ზოგი თურქების ნაჩუქარია, ზოგიც – ირანელების, ზოგიც – არაბების. მეჩეთის კედლებზე არის მოზაიკა, ყურანის სიტყვებით, რომლის ერთი ფრაგმენტიც 200$ ღირს საზღვარგარეთიდან ჩამოტანითა და აწყობით :)
  • მოლა აქტიურად თანამშრომლობს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან (ამაზე თავადაც საუბრობს სიუჟეტში) – საპატიმროში მოწყობილია სამლოცველო ოთახი. მათ ხშირად სტუმრობს და, თან, ხელცარიელი არასოდეს (ამ “ჩვევას” კავკასიურ ტრადიციებს მიაწერს)
  • შიიტებსა და სუნიტებზე საკმაოდ “კულტურული” პასუხი გამცა, თუმცა აღნიშნა, რომ შიიტების 80% ნავთობით მდიდარ ადგილებში ცხოვრობს :)

წამოსვლისას მოლა ერთ ამბავს მოჰყვა (როცა დიქტოფონი გამორთული მქონდა უკვე :( ) – ერთი კაცი, დაახლოებით 75-76 წლისა, მუშაობდა ბაზარში მტვირთავად. შეძენილის გადაზიდვაში ეხმარებოდა ხალხს მცირე გასამრჯელოს ფასად. ერთხელ იჯდა და ლავაშს ჭამდა, გაიგონა ქალების წივილ-კივილი, ბაშვი ხეზე ასულიყო და სადაცაა ჩამოვარდებოდა. მან ალაჰს დახმარება შესთხოვა და ბავშვიც გადარჩა. ამ კაცს მაშინვე “დააბრალეს” რომ განსაკუთრებული ნიჭისა და შესაძლებლობების პატრონი იყო. მან კი მოახსენა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბავშვობიდან მოყოლებული, ყურანის მიხედვით ცხოვრობდა, ერთხელ კი მან ალაჰს “საფასური” სთხოვა  და ერთხელაც ალაჰმა გააკეთა ის, რაც გლახაკმა უთხრა.

P.S. მოლას რომ უსმინო, კაცმა მართლა შეიძლება იწამოს ღმერთის :)

Read the rest of this entry »

Posted in Articles | Tagged: , | 2 Comments »

“ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”

Posted by Gvantsa on 03/06/2009

“24 საათში” სტატია წავიკითხე ამ წიგნთან დაკავშირებით, შემდეგ სულაკაურის გამომცემლობის საიტზე ვნახე შინაარსის მოკლე აღწერა და ვიფიქრე, ამ წიგნის შესახებ გამეკეთებინა სიუჟეტი Fata Libelli-სთვის.

წიგნზე საუბრობს ქალბატონი ნანა ჯანაშია, რომელმაც “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” თურქულიდან ქართულად თარგმნა.

მოუსმინეთ და ისიამოვნეთ :)

საკმაოდ საინტერესო და “უჩვეულო” დამოკიდებულება აქვს ქალბატონ ნანას წიგნის მიმართ :P

Posted in Fata Libelli | Tagged: , | 1 Comment »

“მუჰამადის ცხოვრება”

Posted by Gvantsa on 09/05/2009

პირველ პოსტში ავღნიშნე, რომ მალე იქნება ინტერნეტრადიო, მის შექმნაში კი მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები.

მოკლედ – ღია რადიომ მაუწყებლობა დაიწყო პარასკევს.

მე და ჩემი ჯგუფი გადაცემებს მოვამზადებთ ორშაბათისათვის. მოვიფიქრეთ რაღაც-რაღაც გადაცემები, მაგრამ ახლა გთავაზობთ ერთერთ გადაცემას, რომელსაც ჰქვია Fata Libelli (წიგნების ბედი).

გადავწყვიტე, რომ ეს გადაცემა იყოს შემდეგი სახის – ერთ წიგნზე ისაუბრებს ერთი ადამიანი, საუკეთესო შემთხვევაში თავად წიგნის ავტორი. ჩემი შეკითხვები არ ისმის, მის ნაცვლად მუსიკითაა გაჭრილი საუბარი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მიხვდება მსმენელი კითხვის შინაარსს. (ვიორიგინალურე ცოტა :) )

Update Post – მგონი, საჭიროა, რამდენიმე სიტყვა დავწერო თავად აუდიოჩანაწერზე. გიორგი ლობჟანიძე ყვება წიგნზე “მუჰამადის ცხოვრება”, რომელიც თავად დაწერა, მისი თარგმნილია ასევე ყურანი. გიორგი ლობჟანიძე თსუ-ს პროფესორია, მაგრამ სექტემბრიდან იგი მუშაობას გააგრძელებს სორბონის უნივერსიტეტში.

Posted in Fata Libelli | Tagged: , , | Leave a Comment »